ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი საარჩევნო დღის მიწურულს კვლავ ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციაზე ლაპარაკობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ამ კონტექსტში "2008 წლის ომის ზეიმიც" ახსენა.
"ფეიკ პარტიები ფეიკ ტელევიზიებით და ფეიკ ჟურნალიზმით და ფეიკ კვლევები - ეს ის ხალხია, ვინც იზეიმა ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს 2008 წლის ომის სახით. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ მარცხს გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველშიც გააჩინონ ე.წ მუხტი და ჩართონ ის სცენარი, რომელშიც, როგორც ჩანს, სირთულეებს აწყდებიან. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო ურნასთან და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც თავისი არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს კვლავ აკეთებს სწორედ იმისთვის, რომ ზემოთხსენებული რადიკალური ძალები არც კი შეეცადონ, ქვეყანას და მის მიმავალს დაუპირისპირონ არეულობის მცდელობები". - თქვა თეა წულიკიანმა.
დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, ლაპარაკია მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლების პირდაპირ მოსყიდვაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე. მარნეულში შესულია სპეცარზმი, გლდანის 79-ე და მე-80 უბნებთან კი ვითარება მთელი დღეა, დაძაბულია. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს.
დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.